მოკლე მიმოხილვა

საქართველო, რომელიც კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, ისტორიულად ასრულებდა დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის ერთგვარ ფუნქციას. ღვინოს უდიდესი შინაარსი და მნიშვნელოვა აქვს ქართველი კაცისთვის – ეს გახლავთ განახლების, რეგენერაციის, სიძლიერის, აყვავებისა და სტუმართმასპინძლობის სიმბოლო. ღვინოს ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართულ კულტურაში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო და ქართველი ერის ისტორია შერწყმულია ერთმანეთთან. ვაზისა და ღვინის მოტივები გვხვდება ყველგან – უძველეს სალოცავებში, მითებში, ცაკვაში, ფაქტიურად თითოეულ ტაძარში მთელი ქვეყნის მასშტაბით და რათქმაუნდა, მონასტრების მარნებში. საქართველო მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, ღვინის მსოფლიო აკვნად – არქეოლოგიური მტკიცებულებები გვამცნობენ, რომ აქ მეღვინეობა 8 000 წლის წინ დაიწყო და ეს საოცარი ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.

 

ნიადაგი

საქართველო, მდიდარი ისტორიასთან ერთად, ცნობილია თავისი ნაყოფიერი და მრავალფეროვანი ნიადაგით. ქვეყანაში 29 დაცული მიკრო ზონაა, რომელთაგან თითოეულს თავისი გამორჩეული კლიმატი და ნიადაგის მახასიათებლები აქვს. საქართველოში ვენახები განფენილია ზღვის დონიდან 200-იდან 850 მეტრის სიმაღლეზე. დასავლეთ საქართველოში ნიადაგები უფრო მაღალი მჟავიანობითა და PH-ის საშუალო დონით ხასიათდება, აღმოსავლეთში კი, განსაკუთხებით კახეთში, ნიადაგები უფრო ტუტოვანია. ქართული ვენახები გაშენებულია სხვადასხვაგვარ ნიადაგებზე – მათ შორისაა ძლიერ ტუტოვანი, ნეიტრალური და მცირედ ტუტოვანი ნიადაგები. ჩვენთან შეხვდებით კომპაქტურ, თიხოვან, ქვიან, კირქვოვან და ქვიშის ტიპის ნიადაგებს, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია. სწორედ ასეთმა მრავალფეროვნებამ ამ პატარა ქვეყანაში, ხელი შეუწყო ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებას და თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშებისა და ღვინოების უნიკალური თვისებების ჩამოყალიბებას.

 

კლიმატი

სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ ზონებს შორის საღვარი სწორედ კავკასიის ქედზე გადის, რაც საქართველოს სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვრად აქცევს. უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი ბარიერების არსებობა – იგულისხმება კავკასიის ქედი ჩრდილოეთის მხარეს და შავი ზღვა დასავლეთის მხარეს, ქვეყანას კლიმატის შთამბეჭდავ მრავალფეროვნებას სძენს. დაწყებული ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ზღვის სანაპირო რეგიონებში და დასრულებული მშრალი კონტინენტური კლიმატით, საქართველოს მრავალფეროვანი ტოპოგრაფია და სიმაღლეების ვარიაციები ხელს უწყობს გამოკვეთილი მიკროკლიმატების შექმნას. კლიმატის ამგვარად გამოკვეთილი მრავალფეროვნება ზეგავლენას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და კულტურაზე, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას გამორჩეულად უნიკალურ ადგილად აქცევს მოგზაურების, მკვლევარებისათვის და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც სურთ აღმოაჩინონ აქაურობისათვის დამახასიათებელი ფართო სპექტრის მქონე უნიკალური გარემო.

ქვევრის ღვინოები

ქვევრის ღვინოები განსაკუთრებულად ძვირფასი და დასაფასებელია მათი უძველესი წარმომავლობის, დაღვინების პროცესში მინიმალური ჩარევისა და გამორჩეული ტექსტურისა და გემოს გამო. ღვინის დაყენების პროცესი მიმდინარეობს ქვევრში, რომელიც მიწაშია მოთავსებული. ეს ტრადიციული მეთოდი სათავეს იღებს ქრისტემდე მე-6 ათასწლეულში და მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ღვინის დაყენების პროცესის ყველა ეტაპი –  ფერმენტაცია, ვინიფიკაცია და დაღვინება, მხოლოდ და მხოლოდ ქვევრში მიმდინარეობს. ქვევრში ღვინის დაყენებას ასეთ განსაკუთრებულად აქცევს სწორედ ის ფაქტი, რომ ღვინოს ვაძლევთ ნებას იყოს კონტაქტში ყურძნის კანტან და წიპწასთან როგორც ფერმენტაციისას, ასევე ფერმენტაციის შემდეგაც. ეს კონტაქტი ამდიდრებს ღვინოს, აძლევს მას ღრმა დაინტენსიურ შეფერილობას, კომპლექსურობასა და გემოს სისავსეს. ქვევრის ბუნებრივი თიხა ტემპერატურის რეგულირების საშუალებასაც იძლევა, რაც ეხმარება ღვინოს უნიკალური მახასიათებლების გამოვლენაში. ღვინის დაყენების ეს უძველესი ქართული ტექნიკა  შედეგად გვაძლევს არა მხოლოდ არომატებით მდიდარ, არამედ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით გაჟღენთილ განსაკუთრებულ ღვინოებს.

ყურძნის ჯიშები

საქართველომ კიდევ ერთი განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა მსოფლიოს, რაც ვაზის 525 ენდემურ ჯიშში გამოიხატება – ეს განხლავთ ყველაზე მაღალი რიცხვი ვაზის აბორიგენული ჯიშებისა, რაც კი სადმე აღმოუჩენიათ დედამიწაზე. საფერავი, წინანდალი, ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური და სხვა მრავალი ქართული ჯიში თავისი განსაკუთრებული არომტით, ტექსტურით, მჟავიანობითა და სხვა მაჩვენებლებით ასახავს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან კლიმატსა და მეღვინეობის მდიდარ ტრადიციას. ორი მათგანი განსაკუთრებულად გამორჩეულია – რქაწითელი, რომელიც ცნობილია დაავადებებისადმი გამძლეობის მაღალი მაჩვენებლითა და ადვილად დამწიფებით და საფერავი – მუქი ხილის არომატებითა და ინტენსიური ტანინებით გაჯერებული უდიდესი პოტენციალის მქონე ჯიში. ეს ჯიშები არა მხოლოდ ქმნიან ქართული ღვინის გამოკვეთილ გემოს, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მეღვინეობის ვრცელ ისტორიაში. ვაზის ქარული ჯიშების ასეთი ფართო მრავალფეროვნების წყალობით, ქართული ღვინოები გვთავაზობენ ისეთ კომპლექსურობას და სიღრმეს, როგორიც სხვაგან არსად შეგხვდებათ. ამიტომაც, ჩვენი ღვინოები ნამდვილ განძად გვევლინებიან ღვინის მოყვარულთათვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.